ოპტიო: პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიების სამართავად

ENGLISH VERSION

მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტისა და სერვისის შექმნა თანამედროვე მარკეტინგის სტანდარტია. ბუნებრივია, ფინანსურ-ტექნოლოგიური სექტორიც ცდილობს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მომხმარებლების საჭიროებები და შექმნას შეთავაზებები, რომლებიც კლიენტების უნიკალურ მოთხოვნებსაც ერგება. ეს პროცესი მოითხოვს მონაცემთა აქტიურ დამუშავებას, რათა ზუსტად გაიგო – რა უნდა გააკეთო, ვისთვის და რა მომენტში.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროცესს კომპანიები ხშირად ვერ უმკლავდებიან შესაბამისი ინსტრუმენტების არქონის გამო. ქვემოთ მოგიყვებით რამდენიმე გამოწვევის შესახებ, რომელიც, ჩვენი გულმოდგინე დაკვირვებით, ყველაზე ხშირად გვხვდება და განსაკუთრებით ართულებს მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიების მართვის პროცესს.

საბედნიეროდ, Optio-ში ის ადამიანები ვმუშაობთ, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ მონაცემებზე დაფუძნებული კამპანიების მართვის სირთულეები – ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კორპორაციული სამყაროს ნაწილი ვიყავით. ჩვენ წინაშე საკმაოდ ბევრი გამოწვევა იდგა, თუმცა გადასაჭრელი ამოცანების მრავალფეროვნებაც განუზომლად მიმზიდველი გვეჩვენებოდა. შესაბამისად, ყველა რესურსი მოვიკრიბეთ, ეტაპობრივად შევუდექით ამ ამოცანების გადაჭრას და დავიწყეთ გამოსავლის ძიება იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც ჩვენს ბაზარზე კვლავაც განსაკუთრებით აქტუალურია:

გამოწვევა 1: მონაცემთა ხელმისაწვდომობა და ანალიზის სირთულეები
წარმოიდგინე, რომ პროდუქტის მარკეტერი ან გაყიდვების მენეჯერი ხარ. ძალიან კარგი პროდუქტი ან რამდენიმედღიანი ფასდაკლება გაქვს და საჭიროა, იპოვო კლიენტები, რომლებსაც ყველაზე მეტად დააინტერესებთ შენი შეთავაზება.
თითქოს არ უნდა იყოს რთული ამოცანა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც შენი კომპანია კლიენტებზე გარკვეულ ინფორმაციას უკვე ფლობს – ანუ შეგიძლია, მონაცემებზე დაფუძნებით ივარაუდო, ვის მოერგება ესა თუ ის პროდუქტი ან ვისთვის იქნება შეთავაზება ყველაზე ხელსაყრელი.

რეალურად საქმე არც ისე მარტივადაა. ბევრ კომპანიაში და, მათ შორის, ბანკებშიც მონაცემების დამუშავება საკმაოდ რთული პროცესია. იმისათვის რომ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი ჩაატაროს და უკუკავშირი მიღოს, მარკეტინგის გუნდს ხშირად რამდენიმე დღე ან შეიძლება კვირაც სჭირდება. ამის გამო, შეიძლება კამპანიის ვადები გაიწელოს ან საერთოდაც დაგვიანდეს და, თვალის დახამხამებაში, შეთავაზება უბრალოდ არარელევანტური გახდეს.

გამოწვევა 2: მრავალფეროვანი არხების მართვა სინქრონულად
ახლა წარმოიდგინე, რომ შენი მთავარი მიზანია, გაავრცელო კლიენტების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები სწორ დროს, სწორ არხში. მარტივად მისახვედრია, რომ საჭიროა კამპანიის ფარგლებში რამდენიმე პარალელური საკომუნიკაციო არხის გამოყენება.

საქმე ისაა, რომ სტრატეგიული საკომუნიკაციო არხების სინქრონულად მართვა ხანდახან წარმოუდგენლად რთული ამოცანაა: SMS-ები, ელფოსტა, ნოტიფიკაციები თუ სოციალურ ქსელებში განთავსებული რეკლამა სხვადასხვა ტექნიკური პროგრამით იმართება. შესაბამისად, არც თუ ისე იშვიათად, მომხმარებელი ერთდროულად იღებს განსხვავებული შინაარსის შეტყობინებებს სხვადასხვა არხში. ეს კი იმით სრულდება, რომ ეს მომხმარებელი იბნევა ან, საერთოდაც, ღიზიანდება და შესაძლოა, ბრენდზე ხელიც კი ჩაიქნიოს.

გამოწვევა 3: წარსული კამპანიების გამოცდილების არგათვალისწინება
კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითიც უნდა განვიხილოთ: საკმაოდ რთულია ძველი კამპანიების შედეგების გაანალიზება. აღნიშნული ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის დასაგეგმად, თუ როგორი უნდა იყოს ბიზნესის შემდეგი ნაბიჯები.

ძალიან ხშირად ამ მონაცემების მიღება იმდენად რთულ მანუალურ პროცესთან არის დაკავშირებული, რომ მარკეტერები უბრალოდ ვეღარ მიჰყვებიან სტატისტიკას და ბრმად, ძველი შედეგების გათვალისწინების გარეშე უშვებენ ახალ კამპანიებს. ეს კი ბნელ ოთახში კატის ძიებას ჰგავს, იმიტომ, რომ შეიძლება, კატა იქ საერთოდაც არ არის…

მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიების მართვა

როგორ გადავჭერით ეს გამოწვევები ინოვაციური ტექნოლოგიებით?

Optio-ში მტკიცედ გვწამს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უმთავრესია დიდი მოცულობის მონაცემებზე მუშაობისას, ხოლო მარკეტინგი წარმოადგენს იდეალურ ასპარეზს სწრაფი და ეფექტური შედეგების მისაღწევად.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ჩვენი მოგზაურობა დაიწყო ფინანსურ ინდუსტრიაში ტრანზაქციების კლასიფიკაციის ტექნიკური მოდულის შემუშავებით. ამაში დაგვეხმარა სხვადასხვა წამყვან ბანკში მუშაობის კოლექტიური გამოცდილება და გულითადი სურვილი, შეგვექმნა მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა ზემოჩამოთვლილ გამოწვევებს და, პრინციპში, არამარტო მათ.
დღეს Optio ეს არის CDP (Customer Data Platform), რომელიც ეფექტურად აერთიანებს კომპანიისთვის ხელმისაწვდომ მონაცემებს. ის ეხმარება მარკეტერებს, პროდუქტის მენეჯერებს იპოვონ მომხმარებელთა ზუსტი სეგმენტები და დაგეგმონ ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიები. შედეგად კი განხილული გამოწვევები უბრალოდ აღარ იარსებებს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, Optio ავტომატურად ამუშავებს, ასუფთავებს და ამდიდრებს მონაცემებს, რაც მათ ხელმისაწვდომს ხდის შემდგომი გამოყენებისთვის. Optio არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ კლიენტებს შეთავაზებებს სინქრონიზებულად და შეუფერხებლად მივაწოდებთ.

სამომავლო გეგმები: როგორ განვითარდება Optio?

წლების განმავლობაში ვმუშაობდით სერვისის დახვეწაზე და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Optio უკვე სრულფასოვანი პროდუქტია, რომელიც ჩვენს ბაზარს შეიძლება მხსნელადაც მოევლინოს.
დღეისათვის რამდენიმე წამყვანმა ქართულმა ბანკმა უკვე დანერგა Optio-ს სერვისები და შთამბეჭდავი შედეგებიც ნახა. კარგად გვესმის, რომ ამბიციური პროდუქტის შექმნა უწყვეტ განვითარებას მოითხოვს: მუდმივად უნდა შეისწავლო ბაზარი და დანერგო უახლესი ტექნოლოგიები. ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას სწრაფი ნაბიჯებით. ამის გარანტია, პირველ რიგში, წამყვანი და მეამბოხე სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდია, როგორც კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი.

გვწამს, რომ Optio მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მარკეტინგის საერთო სურათს ქვეყანაში. ჩვენი პროდუქტი დაეხმარება ბიზნესს, უკეთ შეისწავლონ მომხმარებელთა საჭიროებები, ერთ სივრცეში მართონ ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი და დაზოგილი დრო უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე დახარჯონ.

Optio-ს გუნდში შემართება და მოტივაცია უფრო და უფრო ძლიერდება. გაჩერებას არ ვაპირებთ, თვალი არ მოგვაშორო, სათქმელი კიდევ ბევრი გვაქვს!

ENGLISH VERSION

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *